ონლაინ კონფერენცია ბუნებისმეტყველებაში

2021 წლის 13 თებერვალს სკოლაში ჩატარდა  კონფერენცია ბუნებისმეტყველებაში „მზის სისტემა - ჩვენი სახლი“. პანდემით გამოწვეული შეზღუდვების გამო, კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა ZOOM პლატფორმაზე.

შესავალ სიტყვაში პედაგოგმა ნარგიზა მელქაძემ აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ბუნების შესანიშნავი მოვლენის მომსწრე გავხდით - ეს პლანეტების დიდი შეერთებაა. 2020 წლის 21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი ისე მიუახლოვდნენ ერთმანეთს.  რომ  შორიდან გვეგონა, ისინი თითქოს ერთმანეთს ეხებიანო. ასე ახლოს მათი განლაგება ბოლოს 800 წლის წინ მოხდა. ტარიელის და ნესტანის პირისპირ შეყრა შოთა რუსთაველმა  სწორედ პლანეტების ასეთ შეერთებას შეადარა:

ეხვეოდეს ერთმანეთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარეს.

ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.

მოსწავლეებმა მზის სისტემის შესახებ ისაუბრეს. მაგრამ თემა მარტო ბუნებისმეტყველებას როდი ეხებობა. ბავშვებმა გაიხსენეს, რომ შოთა რუსთაველი თავის უკვდავ პოემაში ციურ სხეულებსაც აღწერს, წაიკითხეს შესაბამისი სტროფები პოემიდან, აღნიშნეს რომ აზრი ჰელოიცენტრული სისტემის შესახებ  ევროპაში მე-16 საუკუნიდან გაბატონდა, დიდი შოთა კი მე-12 საუკუნეში წერს:

ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:

მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა…

ჩვენმა წანყვანებმა რეზი გიორგაძემ და ნინი ქარჩხაძემ შესანიშნავად გაართვეს თავი თავის რთულ მოვალეობას: არ არის ადვილი პირდაპირ ეთერში მუშაობა .

ბავშვებმა მზე და მზის სისტემის ყველა პლანეტა წარმოადგინეს:

მზე - ნიკუშა ტყეშელიაძე

მერკური - დავით შავაძე

ვენერა - ანასტასია კუხიანიძე

დედამიწა - კედი ადეიშვილი

მარსი - გიორგი მაჩიტიძე

სატურნი - ალექს მარგველაშვილი

ურანი - ანდრია ლომთაძე

ნეპტუნი - დავით ლორტქიფანიძე

იუპიტერის რადიოგრამა გაგვაცნო მეცნიერმა იოჰან კეპლერმა (ათუკა მარგველაშვილი).

ყველა ბავშვის გამოსვლა საგნის კარგი ცოდნით და გულწრფელობით გამოირჩეოდა. პლანეტების წარდგენას წინ შესაბამისი მუსიკა უძღოდა. ბავშვებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“, რომელიც ავტომატური კოსმოსური ზონდის - ვოიაჯერის ოქროს დისკზეა ჩაწერილი და უკვე მზის სისტემას გაცდა.

წარმატებები ჩვენს ნორჩ მეცნიერებს!