საზაფხულო არდადეგები დაიწყო!

კიდევ ერთი სასწავლო წელი მიიწურა... 2019-2020 განსხვავებული წელი იყო. კორონა-ვირუსმა ჩვენი აზროვნების წესი შეცვალა. რა თქმა უნდა, კარანტინმა დიდ სტრესში ჩააგდო როგორც ბავშვები, ისე მშობლები და პედაგოგები. მაგრამ, მოდით, ამ იზოლაციის დადებით მხარეებიც დავინახოთ: მშობლებმა უფრო გაითავისეს შვილების პრობლემები, პედაგოგებმა ბავშვებთან ინდივიდუალურ მიდგომაზე გააკეთეს აქცენტი, ბავშვებმა დაინახეს მათზე ზრუნვა, ამავდროულად კონტროლიც და ბევრი თავისი, მანამდე დამალული, დადებითი თვისება გამოავლინეს.
სასწავლო წლის შესაჯამებლად, შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ ერთად შევძელით! პედაგოგების, ბავშვების და მშობლების მონდომებამ ნაყოფი გამოიღო! სასწავლო წლის პროგრამები დავძლიეთ ყველა საგანში და ამ დროს ფუჭად არ ჩაუვლია.
ძვირფასო მშობლებო! შესაძლოა, სექტემბრიდანაც დაგვჭირდეს რაღაც დროით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ამიტომ, აქედანვე გთხოვთ, შეუქმენით ბავშვებს ტექნიკური პირობები ონლაინ-სწავლებისთვის. სამწუხაროდ, რამდენიმე ბავშვის მშობელმა ეს ბოლომდე ვერ მოახერხა. ჩვენი მხრიდან, ჩვენ არ დავიშურებთ ჩვენს ძალას, ენერგიას და შესაძლებლობებს თქვენი შვილებისთვის ცოდნის მაღალ დონეზე გადმოსაცემად.
გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისთვის!